maxshop

ორწლიანი მზადების შედეგად, Max Electronics-ის გუნდმა უსადენო ყურსასმენის ქართული ბრენდის კონცეფცია შეიმუშავა. Max Pods – ასე ჰქვია პროდუქტს, რომელიც პრემიუმ ხარისხის მახასიათებლებით გამოირჩევა და მომხმარებელს მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს. უსადენო ყურსასმენი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, Max Electronics-ის ქსელსა და ონლაინ მაღაზიაში და გლობალური ბაზრის ასათვისებლად ემზადება. პროდუქტის კონცეფციასა და კომპანიის გეგმებზე Max Electronics-ის დირექტორი, გიორგი ბროძელი გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, გაგვაცანით, რას საქმიანობს თქვენი კომპანია?

ჩვენი კომპანია Max Electronics უკვე არაერთი წელია, რაც ოპერირებს ბაზარზე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში ელექტრონიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორები ვართ. შემოგვაქვს სმარტფონის მრავალფეროვანი აქსესუარები, ელექტრო მოწყობილობები. ამას გარდა, ვფიქრობ, ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებითაც გამოვირჩევით. ჩვენი პროდუქციის შეძენა სავაჭრო ობიექტების გარდა, ჩვენი ონლაინ მაღაზია maxshop.ge არის შესაძლებელი.

M: როგორ მიხვედით უსადენო ყურსასმენის წარმოების იდეამდე?

სულ ახლახან, გადავწყვიტეთ, თავად ვყოფილიყავით მწარმოებლები და მომხმარებლისთვის ჩვენი ბრენდები შეგვეთავაზებინა. ამრიგად, გათვლა არამხოლოდ ქართულ ბაზარზე გვაქვს, არამედ გვინდა ჩვენი პროდუქტები გლობალურ ბაზარს გავაცნოთ. ერთ-ერთი პირველი პროექტი გახლავთ უსადენო ყურსასმენები, სახელწოდებით Max Pods. მეამაყება, რომ Max Pods არის პირველი ქართული უსადენი ყურსასმენი, რომელიც ყველა მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს, თავისი გამორჩეული დიზაინით, ფუნქციებითა და ჟღერადობით.

M: გვიამბეთ თავად პროდუქტზე – როგორია Max Pods-ის უსადენო ყურსასმენები? რა მახასიათებლები აქვს?

Max Pods გახლავთ პრემიუმ ხარისხის უსადენო ყურსასმენი და რაც მთავარია, ქართული ბრენდი. მისი დიზაინის უნიკალურობასა და დახვეწაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ორწლიანი მუშაობის შედეგად, ვფიქრობთ, სრულყოფილ ვარიანტამდე მივედით.

რაც შეეხება მახასითებლებს, პირველ რიგში, Max Pods-ს გამოარჩევს მაღალი ხარისხის ხმა და ჟღერადობა. ყურსასმენი არის წყალგამძლე. მისი გამოყენება ერთნაირად კომფორტულია როგორც სასაუბროდ, მუსიკის მოსასმენად, ასევე კომპიუტერული თამაშებისთვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ელემენტის მაღალი ხარისხი – Max Pods-ს ერთი დამუხტვით რამდენიმე დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში შეუძლია მუშაობა. პლუს, გვინდოდა დამატებითი ფუნქციებიც ჰქონოდა ყურსასმენს და მისი კოლოფი Power Bank-ად ვაქციეთ. შესაბამისად, Max  Pods-ით სხვა მოწყობილობების დამუხტვაც შეგიძლიათ, რაც საკმაოდ კომფორტულია.

M: ბაზარზე არაერთი უსადენო ყურსასმენია ხელმისაწვდომი, თქვენი ხედვით, რატომ იყო აუცილებელი ქართული ყურსასმენის შექმნა?

ჩვენი კომპანია Max Electronics საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობს ელექტროტექნიკის კუთხით. როდესაც ამ მიმართულებას ვაკვირდებოდით, ვხედავდით, რომ იმაზე უკეთესი ხარისხისა და ფუნქციონალის შექმნა გვინდოდა მომხმარებლისთვის, ვიდრე იმპორტირებული ბრენდები სთავაზობენ. პროდუქტის იმპორტირებისას მუდმივად იყო ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის თანხვედრის სირთულე. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი ბრენდის ყურსასმენი, რომელიც ყველა მაღალი დონის სტანდარტს დააკმაყოფილებდა და ამავდროულად, ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.

M: რა არის პროდუქტის კონკურენტული უპირატესობა?

Max Pods-ის უპირატესობა გახლავთ მისი მაღალი ხარისხი, გამძლეობა, დიზაინი და რაც ყველაზე მთავარია, მისაღები ფასი. ამას გარდა, მიმზიდველია გარანტიის პირობებიც – პროდუქტს 1-წლიანი შეცვლითი გარანტია მოყვება.

M: სად და როგორ არის ყურსასმენების შეძენა შესაძლებელი?

Max pods-ის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ქსელში Max Electronics და ონლაინ მაღაზიაში www.maxshop.ge-ზე. ექსკლუზიურად კიდევ დაემატება რამდენიმე მაღაზია, რასაც მალე დავაანონსებთ.

როგორც ვახსენე, მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ ვართ ორიენტირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამიტომ საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები აზერბაიჯანში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. Max Pods ხელმისაწვდომი იქნება ისეთ დიდი პლატფორმებზე, როგორიცაა Amazon და ebay.

M: როგორ გეგმავთ ბრენდის განვითარებას?

ბრენდის განვითარებაზე მუშაობა დაწყებულია. სულ მალე, წარმოებაში ჩაეშვება Max Electronics-ის ბრენდის კიდევ რამდენიმე პროდუქტი. სამომავლოდ ვფიქრობთ, Max Electronics-ის ქსელში რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ ჩვენი ბრენდის პროდუქციის ხვედრითი წილი და აქტიურად ავითვისოთ უცხოური ბაზარიც.

სტატიის ავტორი marketer.ge, 2023-03-03