Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, პირბადე  ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა იაპონურმა კომპანიამ  Donut Robotics-მა  პირბადის სულ სხვა ვარიაცია უჩვენა და სმარტ პირბადე C-Face შექმნა. პირბადე სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოლაპარაკის სიტყვებს არჩეულ 8 ენაზე თარგმნის.

C-Face არ იცავს ადამიანს კორონავირუსისგან. იგი თეთრი ფერის პლასტიკური მასალისა და სილიკონისგან დამზადებული ნიღაბია, რომელშიც მიკროფონია ჩამონტაჟებული. ბლუთუზის საშუალებით კი 10 მეტრის რადიუსში ამყარებს იმ ადამიანის სმარტფონთან კონტაქტს, რომელთანაც კომუნიკაციის დამყარება გსურთ.

აპლიკაცია თქვენს საუბარს სასურველ ენაზე თარგმნის და მსმენელის მობილურში ტექსტური სახით აჩვენებს. ამ დროისთვის C-Face-ს რვა ენაზე თარგმნა შეუძლია, რომელთა შორის არის იაპონური, ჩინური, კორეული, ვიეტნამური, ინდონეზიური, ინგლისური, ესპანური და ფრანგული.

Donut Robotics იაპონიის ფუკუოკას პრეფექტურაში 2014 წელს დაფუძნდა, 2016 წელს კი სტარტაპმა მთარგმნელი რობოტის პროტოტიპი Cinnamon წარმოადგინა. რობოტი ერთი წლის შემდეგ ტოკიოში, ჰენედას საერთაშორისო აეროპორტში გამოსცადეს. მისი მიზანი კი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიცემა და აეროპორტში ნავიგაციის გამარტივება იყო.

აღმასრულებელი დირექტორის, ტაისუკე ონოს, განცხადებით, ნიღაბი ვირუსისგან არათუ არ იცავს, არამედ მასზე არსებული სუნთქვისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ნახვრეტები ორგანიზმში ვირუსის შეღწევის რისკის მატარებელია, ამიტომ გამომგონებლებმა მის შიგნით სტანდარტული პირბადის ტარების რეკომენდაცია გასცეს.

კომპანიის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის დეკემბრისთვის იაპონიაში 5-დან 10 ათასამდე C-Face იქნება ხელმისაწვდომი, რომლის სავარაუდო ფასიც 40-50 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება.

სტატიის ავტორი , 2020-08-06


კომენტარები